მთავარისაქართველოდეზინფორმაციული „ბუშტი“

დეზინფორმაციული „ბუშტი“

2024 იყო ის წელი, როდესაც დეზინფორმაციამ დიდი საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს. საზოგადოების აზრი ორად გაიყო როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოშიც. სოციალური მედიის ალგორითმები ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელი აქტიური იყოს და აჩვენებს იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს ხალხს და აინტერესებს. იქმნება ე.წ. ინფორმაციული ბუშტი, მასში კი დეზინფორმაცია ადვილად აღწევს.

ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული ომის უმნიშვნელოვანესი ელემენტი დეზინფორმაციაა.

„დეზინფორმაცია ამ პროცესში მთავარი ინსტრუმენტია, რომლითაც ადამიანებს არწმუნებენ სიყალბის სიმართლეში. ანუ სიმართლე რეალურად არის სიცრუე, ის, რაც კარგია, თუმცა სინამდვილეში არ არის კარგი და ა.შ. დეზინფორმაციის სხვადასხვა მეთოდსა და სხვადასხვა ინსტრუმენტს რუსეთი იყენებს საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ოდესმე თავისი იმპერიული ზრახვები ჰქონია. დღეს დეზინფორმაციის ეს ფორმა, რომელსაც ვხედავთ, ძირითადად, სოციალურ ქსელებშია გამოვლენილი და მას რუსეთი იყენებს ყალბი ნარატივის შესაქმნელად და მხარდასაჭერად. ყველაზე რთული და ეფექტიანი რეალურად ე.წ. ნახევარსიმართლეა, თუმცა ჩვენ ამას სფეროში ისე ვუყურებთ (თუ სხვანაირად აღვიქვამთ), რომ აქ ნახევარზეც არ არის საუბარი. ხშირ შემთხვევაში 80 პროცენტი ინფორმაციისა რეალურია და მხოლოდ 20 პროცენტია დამატებული. იმიტომ, რომ როცა ნახევარია, მაშინ მარტივია იმის გააზრება, რომ აქ რაღაცას მატყუებენ, ხოლო როცა რეალობა 80 პროცენტია, იმ 20%-ს აღარ მისდევს ხოლმე აუდიტორია, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც საზოგადოებას გაგვაჩნია, გადამოწმების მექანიზმია“, – განმარტავს ძიძიშვილი.

გადამოწმების ერთ-ერთი საგულისხმო მექანიზმი დღეს ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმებია. კომპანია „მეტა” მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ასამდე სერტიფიცირებულ გადამმოწმებელთან, რომლებიც ტექნოლოგიურ გიგანტს ეხმარებიან, გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას.

„2024 დეზინფორმაციის მხრივ მძიმედ დატვირთული წელი იყო, რაც მეტწილად იმან განაპირობა, რომ წელს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. იყო არჩევნები, აქციები და საზოგადოების დაპირისპირება. ამიტომაც, ძირითადად დეზინფორმაცია მიმართული იყო შიდა საკითხებზე. შესაბამისად, ის თემები, რომლებიც შარშან და შარშანწინ იყო აქტუალური, მაგალითად, კოვიდ 19 და უკრაინა, უფრო მეტად გადაიფარა”, – ამბობს „მითების დეტექტორის” მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი.

ექსპერტმა გვაჩვენა, თუ როგორ ამოწმებს ერთ-ერთ ვიდეოს, რომლის კადრებიც თითქოს ევრონიუსის მიერ იყო გადაღებული. ეს ყალბი ვიდეო აღმოჩნდა. მან გამოიყენა ინსტრუმენტი inVid, რათა გაყალბებული ვიდეო კადრებად დაეშალა და შემდეგ Google-ის მეშვეობით იპოვა, რომ კადრები, რომლებიც გამოყენებული იყო, სულ სხვა ისტორიას შეეხებოდა. ამავდროულად ევრონიუსმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაყალბებული ვიდეო, რომელშიც მათი ლოგო გამოიყენეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ანალიტიკოსები გლობალურად თანხმდებიან, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება მედიაწიგნიერების ხარისხის გაზრდაა. ამაზე უნდა ზრუნავდეს როგორც საკუთრივ მედია, ისე სოციალური ქსელის კომპანიებიც, თუმცა ინდივიდუალური მონდომებაც დიდ როლს თამაშობს.

„არსებობს ორი რამ, რაც აძლიერებს დეზინფორმაციას: ერთი არის ის, რომ ადამიანი ზარმაცია. ვიცით, რომ ეს სიმართლეა. მეორე კი ისაა, რომ ადამიანებს ეშინიათ სიახლის. ერთი მხრივ, უბრალოდ გეზარება გადამოწმება და ამბობ, ახლა მაგის დრო სად მაქვს, და მეორე მხრივ კი ფიქრობ, იქნებ, ეს სიახლე იმაზე უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა მაქვს, ცდილობ უბრალოდ, რომ ნაკლებად მიიღო ის ინფორმაცია, რომელიც შენთვის არ არის სასურველი. დეზინფორმაციასთან საუკეთესოდ ბრძოლის საშუალებად კვლავ რჩება ერთი რამ – განათლება”, – აღნიშნავს დავით ძიძიშვილი.

წინ 2025 წელია. ხელოვნური ინტელექტის დახვეწასთან ერთად სულ უფრო მეტად იშლება ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის.

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend