მთავარიგადაცემებიTokyo My Cityტოკიო - იაპონელი შეფმზარეულების შთაგონების წყარო

ტოკიო – იაპონელი შეფმზარეულების შთაგონების წყარო

იაპონიის დედაქალაქის –  ტოკიოს კულინარიულ სამყაროში აქაური სახელგანთქმული შეფმზარეულები იოშიჰისა აკიამა და კაცუმი კუსუმოტო გამოგზაურებთ და აგიხსნით, თუ როგორ არჩევენ ადგილობრივ ინგრედიენტებსა და აახლებენ ტრადიციულ კერძებს ინოვაციური გზით.

“ტოკიოში უამრავი ისეთი რესტორანია, სადაც შეგიძლია მიირთვა, ნახო და დატკბე იმ სეზონური ინგრედიენტებით, რომლებიც იაპონური სამზარეულოს სიმდიდრეს ქმნიან“, -ამბობს იოშიჰისა აკიამა, რესტორან Mutsukari-ის მიშლენოს ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეული.

„თითქმის ყოველდღე მივდივარ თევზის ტოიოსუს ბაზარში. ეს არის ადგილი, სადაც ინგრედიენტები მთელი მსოფლიოდან და იაპონიიდან ჩამოდის,“ – განმარტავს  იოშიჰისა აკიამა. „ტოიოსუს ბაზრის გვერდით არის ედოს პერიოდის სტილში გაშენებული ადგილი, რომელსაც ტოიოსუ სენკიაკუ ბანრაი ჰქვია.  აქ კვების მრავალი ობიექტია, რომლებიც ტოიოსუს ბაზრიდან მოტანილი ახალ-ახალი პროდუქტით ამზადებენ კერძებს. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მდებარეობს ისეთი ადგილები, სადაც ფეხისა და თერმული წყლის აბაზანების მიღება შეგიძლიათ.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც საჭირო ინგრედიენტებს ვყიდულობ, არის ოკუტამა, ტოკიოს დასავლეთ ნაწილში. აქ ვიცი ერთი საწარმო, რომელიც ვასაბის  ედოს პერიოდიდან მოყოლებული აწარმოებს.

აქ ტურისტებსაც შეუძლიათ ვასაბის დაკრეფა, აქვე გახეხვა და ჭამა. ამ ადგილზე ეს სავსებით მოსახერხებელია.

როდესაც უყურებ ამ ნაკადულს, რომელიც ბუნების წიაღში მოჩქეფს და თან მიირთმევ ვასაბის, რომელიც აქვე ხარობს, ჩემი აზრით, ბუნების დიდებულებასაც შეიმეცნებ.

განსატვირთად ტოკიოში ჩემი საყვარელი ადგილია  ჰარუმის პორტის პარკი (Harumi Port Park). აქ შეგიძლია ნახო ცისარტყელას ხიდი, ტოკიოს კოშკი და ღამის ტოკიოს ხედით დატკბე.“

კაცუმი კუსუმოტო რესტორან Saido-ს შეფმზარეულია. მისი რესტორანი ტოკიოს უბან ჯიუგაოკაში  მდებარეობს. Saido ვეგანური რესტორანია, თუმცა არც ალკოჰოლი აქვთ მენიუში.

„რაც შეეხება საკვებს, ჩვენ  მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიურ იაპონურ კერძებს, როგორებიცაა, მაგალითად,  რამენი და ტემპურა ჯამებით,“ – ამბობს კაცუმი კუსუმოტო. „ჩვენ ვიყენებთ ლიმონს, რომელსაც კომაჩი  ჰქვია და ტოკიოს კუნძულ ჰატიძიოზე მოდის. კუნძული ჰატიძიო  ნამდვილი წალკოტია, რომელსაც კამკამა ზღვა აკრავს და სიმწვანეშია ჩაფლული. ამ კუნძულზე ნამყოფი არ ვარ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე წავალ.

ტოკიოს ჯიუგაოკა  მატარებლით 20 წუთის სავალზეა შიბუიის  რაიონიდან. ჯიუგაოკაში მდებარე კუჰონბუცუგავის ბუნების გზა (Kuhonbutsugawa Nature Path) არის ალუბლის ხეებით გამწვანებული გამზირი, რომელსაც გაზაფხულზე ალუბლის ყვავილობა ამშვენებს. ეს ადგილი ახლოსაა ჩემს რესტორანთან და როდესაც, ცოტა არ იყოს, გადავიღლები მუშაობის დროს, ხშირად მივდივარ ამ ხეივანში სასეირნოდ, რომ გამოვცოცხლდე.

ჯიუგაოკაში კიდევ არის ასეთი ადგილი  – კოუშინდო, სადაც სანელებლებს ყიდიან.  კოუშინდოდან მოტანილ სანელებლებს რესტორანში ქარის სოუსის მოსამზადებლად ვიყენებთ. კიდევ ერთი მაღაზიაა Fève. აქ მცენარეული ტკბილეული იყიდება, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ ნამცხვრების ოსტატ ცნობილ შეფმზარეულ ცუჯიგუჩისთან ერთად. თავისუფალ დროს ხშირად მივდივარ რესტორან Mushroom Tokyo-ში ომოტესანდოს გამზირზე. აქ მენიუში აქვთ სოკოს ჟელე, ახალი უმი სოკო, შემწვარი სოკო და  სოკოს კიდევ სხვა მრავალი კერძი. და აი, ეს ადგილი ჩემი შთაგონების წყაროა.

შეფმზარეული საკურაი  უნიკალური მზარეულია, ერთმანეთს ვეხუმრებით და თან მის ნახელავს მივირთმევთ.

ტოკიოში ჩამოსვლა ნამდვილად ღირს, რათა ნახო აქაური ბუნება, გაეცნო სამზარეულოს და კიდევ სხვა უამრავი გასართობი იპოვო. მე გირჩევთ ჩამოხვიდეთ“.

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend