ნიუ-იორკში 118- წლიანი ტრადიცია გრძელდება. მთავარი ღონისძიება კვლავ გაიმართება ტაიმზ-სკვერზე, სადაც ბროლის ბურთი დაეშვება.
ნიუ-იორკის საახალწლო ტრადიცია 1907 წლიდან იღებს სათავეს და ის მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივი საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალშია.
რეპერი პიტბულიც ჩართული იყო ბოლო დეტალების განთავსების სამუშაოებში. გიგანტური ბურთი ნიუ-იორკის ცნობილ მოედანზე ახალი წლის ღამეს დაეშვება.
,,ყველამ ვიცით, რომ აქ, Times Square-ზე, მსოფლიოში ყველაზე საკულტო, მონუმენტური, მოტივაციური და ინსპირაციული ბურთი ახალი გადაწყვეტილებების სიმბოლოა. ასე რომ, 2025 წელს აქ ყველა პროფესიის ადამიანი მოიყრის თავს და ახალ იდეებსა და ოცნებებს ჩაეყრება საფუძველი. მიხარია, რომ ახლა აქ ვარ. გილოცავთ ახალ წელს!”, – ამბობს რეპერი პიტბული.
ახალი წლის ღონისძიებას ნიუ-იორკში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.
ტაიმზ-სკვერზე ბურთის დაშვების ტრადიცია, რომელიც ახლა უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის, ახალი ნაბიჯების გადადგმისა და სიახლეების სიმბოლოდ უკვე დიდი ხანია იქცა. იცვლებოდა მხოლოდ ბურთის ზომა.
ერთ დროს მისი წონა სულ რაღაც 60 კილოგრამი იყო, ახლა კი ხუთ ტონას აჭარბებს.