რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინას ამის მზადყოფნა არ აქვს.
ამასთან, მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმურ წარმომადგენელთან მოაწერს.
ლეგიტიმურად კი პუტინი უკრაინის „რადასა“ და „რადის“ თავმჯდომარეს მიიჩნევს. ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობაზე და მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამომავლო გეგმების განხილვისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ „გათავისუფლებული“ ტერიტორიების რეკონსტრუქცია დაიწყოს.
„პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მოლაპარაკებებისა და კომპრომისისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორე მხარემ ამ ყველაფერზე უარი თქვა. წინაპირობები არ გვაქვს. მზად ვართ, ვისაუბროთ წინაპირობების გარეშე, თუმცა იმის საფუძველზე, რაზეც უკვე შევთანხმდით სტამბულში 2022 წლის ბოლოს, გასათვალისწინებელია დღეს არსებული ვითარებაც“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
„იცით, თუ ვინმე ლეგიტიმაციას მოიპოვებს, ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკებით, მათ შორის ზელენსკისაც. თუ უკრაინას ნამდვილად სურს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება, მათ ეს შეუძლიათ. ორგანიზაცია გაუწიონ პროცესებს ქვეყნის შიგნით, თუმცა ჩვენ ხელშეკრულებას მხოლოდ ლეგიტიმურ წარმომადგენელთან გავაფორმებთ. ასეთი კი მხოლოდ უკრაინის პარლამენტი და მისი თავმჯდომარეა“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
„თქვენ აღნიშნეთ, რომ კირილოვის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. დიდი მადლობა, თქვენ ირიბად აღიარეთ, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. რატომ? მისი მკვლელობა ისე იყო დაგეგმილი, რომ შეიძლებოდა, საფრთხე ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დამუქრებოდა“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
პრესკონფერენციის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ დღეს რუსეთში იმაზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს, ვიდრე თვითონ უკრაინაში. თუმცა რუსები მოხარული არიან თავისივე ხალხს უმასპინძლონ.