„ხელი გაუშვი, ჩემი შვილია!”- ამ სახელწოდებით თბილისში დღეს, 14 დეკემბერს, დედებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ქალები რუსთაველის მეტროსთან დღის პირველ საათზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მივიდნენ პარლამენტთან, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სხვა აქციის მონაწილეები.
დედებს ხელში ეჭირათ დიდი ბანერი წარწერით „ხელი გაუშვი, ჩემი შვილია!” ასევე მათ თან ჰქონდათ სასტვენები, საპროტესტო აქციის დროს დაშავებული ახალგაზრდების ფოტოები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სწორედ ასე ცდილობდნენ, რომ თავისი პროტესტი გამოეხატათ. საქართველოს პარლამენტთან მისვლისას სხვა აქციის მონაწილეები მათ ტაშითა და სტვენით შეხვდნენ, შემდეგ კი დედებმა გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარედ, ჯერ ჭიჭინაძის შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველების კორდონი იდგა. აქციის მონაწილეები მათ ესაუბრებოდნენ და პროტესტს გამოხატავდნენ.
.
„დედების აქცია” საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მისვლის შემდეგ გადაწყვიტეს, სალომე ზურაბიშვილისთვის სოლიდარობა გამოეხატათ. სალომე ზურაბიშვილი მათთან შესახვედრად რეზიდენციიდან გამოვიდა და მიმართა: „მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ყველანი დედები ვართ და ჩვენი შვილები, რომლებიც აქ დგანან, დგანან ამ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი…“
„დედების აქცია” საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდა.