დღეს, 13 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა იყო 14 დეკემბერს ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც თინა ხიდაშელის თქმით, არაკონსტიტუციური და უკანონოა.
ხიდაშელი აღნიშნავს, რომ არჩევნების თარიღი დაინიშნა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებამდე 30 დღით ადრე უნდა წარადგინონ. თინა ხიდაშელი, აგრეთვე, განმარტავს, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც მთავრობას უფლებას აძლევს უფრო ადრე ჩანიშნოს არჩევნები, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამის აუცილებლობა არ დასაბუთებულა.
“ვინაიდან ხვალ საქართველოს თვითგამოცხადებულ პარლამენტს ჩანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა, პრეზიდენტის არჩევნებს კი ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში დანიშვნის პროცედურა, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციორობასთან გვექნება საქმე. ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხვალ პრეზიდენტი. ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ აღიარებული, არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიას, მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებით თავად პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა, მორიგ ჯერზე, დაარღვია კონსტიტუცია და დაარღვია საარჩევნო კანონი. კერძოდ, საქართველოს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევისთვის საჭიროა 30-დღიანი ვადა, რათა საარჩევნო კამპანიისთვის კანდიდატებს შესაბამისი დრო ჰქონდეთ. საქართველოს საარჩევნო კოდექსში არის ერთადერთი შემთხვევა გათვალისწინებული, როდესაც განსხვავებული ვადები დაადგინოს ცესკომ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ვადების დაცვა. საქართველოს პარლამენტს თავის დადგენილებაში, რომელიც ძალიან მოკლეა, არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რატომ არის შეუძლებელი და რა ხდება ისეთი ქვეყანაში, რომ 30-დღიანი ვადის დაცვა მათთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად შეუძლებელი გახდა”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 14 დეკემბერს ჩატარდება. პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტში სხდომა დილის 09:00 საათზე დაიწყება.