საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა გაავრცელა ვიდეო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სადაც ჩანს კადრები, თუ როგორ ურტყამენ სამართალდამცავები და უცნობი, ნიღბიანი პირები პროევროპული აქციის მონაწილე მოქალაქეებსა და ოპოზიციური ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დარბევა და გაათავისუფლოს დაკავებულები, რომლებიც მხოლოდ მშვიდობიანად იყენებდნენ თავიანთ უფლებებს“.
ეუთოს სამეული, რომელიც სამი თავმჯდომარე ქვეყნისგან შედგება, განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი მკაცრად გმობენ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ.
ისინი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, უზრუნველყონ ქართველი ხალხისთვის შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება. განცხადებაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ კანონები, რომლებიც ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ მიიღეს, უნდა გაიწვიონ.
ეუთოს სამეული საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე და ამბობენ, რომ ძალადობის, საარჩევნო თაღლითობისა და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმის ყველა ბრალდება სანდოდ უნდა იყოს გამოძიებული და ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.