ევროინტეგრაციის შეფერხებისა და „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გასაპროტესტებლად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე მოქალაქეები, მუსიკოსები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ადგილზე შეკრებილებმა კონსერვატორიის სტუდენტის, ანრი კაკაბაძის და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვეს. ამასთან, კონსერვატორიის რექტორს, გიორგი ვაჩნაძეს მოსთხოვეს, გააკეთოს მკაფიო განცხადება და გაემიჯნოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე ქვეყნის დღის წესრიგში არ იქნება. მათ კონსერვატორიის რექტორს განცხადების გასაკეთებლად 24 საათის მისცეს და განაცხადეს, რომ ხვალ იმავე ადგილზე კვლავ შეიკრიბებიან.
მოგვიანებით კონსერვატორიასთან შეკრებილები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან IT სფეროს წარმომადგენლების მსვლელობას შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეები საპროტესტო გზავნილებით ჯერ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, შემდეგ კი, თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს.