არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. ეს ინფორმაცია მათ არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე მიაწოდეს.
მათივე თქმით, შესამჩნევია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. დეპარტამენტის თანამშრომლები მათ არ განუმარტავენ დაბარების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, უმრავლესობას აქვს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი.
განცხადებაში წერია, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს.