საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მორიგი პარტიათაშორისი შეხვედრა გამართეს.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა, სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. მათი მოთხოვნებია – გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები და ჩატარდეს ახალი არჩევნები. მათივე განცხადებით, ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილი რჩება და ,,ქართული ოცნების” მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას არ აღიარებენ.
„ჩვენ, 26 ოქტომბერს გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა.
მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არცერთი მოძალადე უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხის აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას გიხდით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.
შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი – ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოვალეები სახელმწიფოს ბედს გადაწყვეტენ. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს“, – ნათქვამია სამი ოპოზიციური პარტიის – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და ძლიერი საქართველოს” განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ირაკლი კუპრაძემ გააცნო.
ცალკე ინფორმაცია გაავრცელა პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“. ეს ოპოზიციური პარტიაც არ ცნობს ახალი პრეზიდენტის არჩევის ლეგიტიმურობას და იზიარებს 3 ოპოზიციური კოალიციის პოზიციებს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
„14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგანაც, ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს.
შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება:
დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დაკავებული პირები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სისტემის მძევლად აქცია.
უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში,“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ალეკო გვეტაძე