„ადამიანის უფლებათა ცენტრმა” კვლევის „საქართველოს მედიაგარემო” პრეზენტაცია გამართა. კვლევა მომზადდა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელიც „დოიჩე ველე აკადემიის” მიერ „მედიის განვითარების ფონდსა” და „ადამიანის უფლებათა ცენტრთან” თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედია, განსაკუთრებით კი მისი დამოუკიდებელი და კრიტიკული ნაწილი მძიმე გამოწვევის წინაშე იდგა. მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული ფაქტებით გამოირჩევა. კვლევის ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს პარლამენტი თანდათან იქცა დახურულ სივრცედ დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს პროცესი კი განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესების შემოღებითა და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით, რომლებმაც არსებითად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა, გააშუქონ საპარლამენტო საქმიანობა”.
პრეზენტაციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2023 წელს სატელევიზიო მედიის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 29.1 მილიონი ლარით შემცირდა, რაც ძირითადად არასამაუწყებლო შემოსავლის კლებას უკავშირდება. ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, მედია საშუალებებსა და საშუამავლო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 2,5-ჯერ გაიზარდა.