მთავარისაქართველოსაია: „ქართული ოცნება” კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას ცდილობს

საია: „ქართული ოცნება” კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას ცდილობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების” მიერ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტია კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას ცდილობს, რომელთა განხილვა და მიღება ავტორებმა დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მოითხოვეს და მესამე მოსმენით უკვე ნაწილს დაუჭირეს მხარი, ნაწილს კი ხვალ მიიღებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი ამ ცვლილებებს სრულად მიიღებს.

ერთ-ერთი ცვლილება ეხება საარჩევნო კოდექსს, საიაში ამბობენ რომ ამით მმართველი პარტია, ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რისი მიზანიც, მათი თქმით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მიღებაა.

ასევე ცვლილებებია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც, საიაში ამბობენ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი. გარდა ამისა ცვლილებებია, ,,პოლიციის შესახებ“ კანონში, რის მიხედვითაც პირებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნონ. ამ დანიშვნის წესი და პირობები კი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

ცვლილებებია, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში. ამის მიხედვით პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენება ეკრძალებათ. საიაში ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ახალი რეგულაციები ითვალისწინებს:

  • სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
  • ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდას და განმეორებით დარღვევისთვის 2000 ლარს
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15,000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
  • შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას.

ამასთან ცვლილებებია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში. ამ ცვლილებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

“ეს ცვლილება ნათლად აჩვენებს კანონის ნორმების პერსონიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმის ადრესატი პრეზიდენტთან ერთად სხვა პირებიც არიან. იმის ფონზე რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუდგინა 48-ე მუხლის დარღვევა, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი ხმების მობილიზება, მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, ეს სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება და ზღუდავს ინსტიტუტს”,- წერია საიას განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend