მთავარისაქართველო„პრეზიდენტის არჩევნების დღეს გარკვეული ძალები არეულობის მოწყობას გეგმავენ” - სუსი

„პრეზიდენტის არჩევნების დღეს გარკვეული ძალები არეულობის მოწყობას გეგმავენ” – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნების დღეს, გარკვეული ძალები გეგმავენ არეულობის მოწყობას, რომელსაც მსხვერპლი უნდა მოჰყვეს. სუსი მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე და მოერიდონ მსგავსი სახის შეკრებაში მონაწილეობას.

„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას. ეს ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაჰბრალდეს ხელისუფლებას.

ამ პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენითა და ეტაპობრივი დესტრუქციით. კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას.

ამას ადასტურებს ბოლო დღეებში სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარემეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში შეეცადონ, ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა გამოავლინონ მათ ხელთარსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend