ცნობილია, ვინ იქნება აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი. ფლორიდელი კონგრესმენი, ბრაიან მესტი, რომელმაც თავის ოლქში, 62%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, რესპუბლიკურმა პარტიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩია.
თანამდებობაზე, აგრეთვე, კენჭს იყრიდა “მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი, რომელიც მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა დონალდ ტრამპის მხარდაჭერამ მესტის არჩევაში დიდი წვლილი შეიტანა.
44 წლის რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ყოფილი სამხედროა, რომელმაც შეერთებული შტატების არმიაში 12 წელზე მეტი იმსახურა და არაერთი ჯილდო მოიპოვა, ავღანეთის ომში მან დაკარგა ორივე ფეხი. 2024 წლის აპრილში ბრაიან მესტმა უკრაინის 60-მილიარდიან მხარდაჭერის პაკეტს მხარი არ დაუჭირა და ეს იმით ახსნა, რომ ომი ევროპის ტერიტორიაზეა და ამ სახელმწიფოებს კიევის გადასარჩენად აქვთ შესაბამისი რესურსები.
მიუხედავად ამისა, ბრაიან მესტი სანქცირებულია რუსეთის მიერ, რადგან გამოირჩევა მოსკოვის საწინააღმდეგო განცხადებებით და პუტინს ტირანად მოიხსენიებს. გუშინ, 9 დეკემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოქმედმა ხელმძღვანელმა, მაიკლ მაკკოლიმ ბრაიან მესტს უკვე მიულოცა თანამდებობაზე არჩევა.