მთავარისაქართველო2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტროს პროექტის მიხედვით, 32 მილიარდ 400 მილიონი ლარის მოცულობის იქნება. იზრდება როგორც შემოსულობების, ასევე ხარჯვითი ნაწილი. მცირდება უცხოური დაფინანსების, კერძოდ, საგრანტო ნაწილი. ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზეა გამახვილებული. იზრდება პენსია, სხვადასხვა სოციალური დახმარება და საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები. „ქართული ოცნების” დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.

„2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა – გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა.
საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურება ხელფასის 10%-ით იზრდება. ბაღის აღმზრდელთა ხელფასი კი 125 ლარით იმატებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი.

2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • მეწარმეობის განვითარება – 247 მილიონ ლარზე მეტი;

  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – 49 მილიონ ლარამდე;

  • საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება – 102 მილიონ ლარამდე;

  • ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 149 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის;

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი, ხოლო 21 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად;

  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი”, – განაცხადა მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend