მთავარისაქართველოსაქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა საქმეებს განიხილავს

საქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა საქმეებს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში, გვიან ღამემდე მიმდინარეობს.

9 დეკემბერს სასამართლომ თორნიკე ბერაძისა და რატი ბოქოლიშვილის საქმეებზე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

თორნიკე ბერაძე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარედ, რატი ბოქოლიშვილი კი რესპუბლიკის მოედანზე დააკავეს. ორივე მათგანს სხეულზე აღენიშნება სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, რაც დემონსტრანტების მონაყოლით პოლიციის მხრიდან ძალადობას უკავშირდება.

„დაგვაკავა სპეცრაზმმა და გაგვისწორდა ფიზიკურად. გაგვატარეს ე.წ. კორიდორში, სადაც ასევე ფიზიკურად გვისწორდებოდნენ. ამის შემდეგ ჩაგვიყვანეს რუსთაველზე, სადაც მიკროავტობუსში კიდევ რამდენჯერმე გვცემეს – ეს იყო, რაც მოხდა რეალურად. თუმცა პოლიცია ჰყვებოდა, რომ დამაკავეს რუსთაველზე, სადაც თითქოს რაღაც მოწოდებებით გამოვირჩეოდი, რისი მტკიცებულებაც მათ არ გააჩნიათ”, – ამბობს ბერაძე.

„გინებით წამათრიეს, რაღაც სამარშრუტო ტაქსიში შეგვაგდეს და გვცემეს მე და კიდევ ერთი ბიჭი. სამჯერ-ოთხჯერ გვცემეს – შემოდიოდნენ, გვცემდნენ, გადიოდნენ… გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ, როგორც ხდება ხოლმე. ტელეფონი წამართვეს და პირადი ნივთები”, – ასე იხსენებს დაკავების პროცესს რატი ბოქოლიშვილი.

ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება ამ დროისთვის 500-მდე დემონსტრანტის საქმეზე მიმდინარეობს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა უმეტესობას სასამართლომ 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმა ან პატიმრობა შეუფარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანება, რაც, მათივე თქმით, წამებად და არაადამიანურ მოპყრობად უნდა შეფასდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend