პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით „ქართული ოცნების” გუნდი მუშაობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვა უნდა აიკრძალოს.
ამ კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ეს ძალადობის პრევენციის მექანიზმი იქნება. ახალი კანონი, რომელიც შეკრებებზე სახის დაფარვის აკრძალვას ეხება, თვის ბოლოდან ამოქმედდება. მას პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებს.
„ადამიანი როდესაც შენიღბულია და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, უფრო თამამი არის კანონდარღვევასა და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში. ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში არსებული რეგულაციებით საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა. ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციებს იმ ქვეყნებისას, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს.
ტექნიკურად ამის მოწესრიგებას რაც შეეხება, ჩვენ მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, მათ შორის, პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, შემოტანა-რეალიზაციის საკითხებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს იქნება მორიგი რეპრესიული კანონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაგეგმილი დიქტატურისთვის სჭირდება.