მთავარისაქართველოოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ მიეცნენ პასუხისგებაში ის პირები, რომლებიც ქუჩაში ახალგაზრდა მომიტინგეებზე ძალადობდნენ.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისთვის გამოსავალი ახალი არჩევნებია.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური ძალის ლიდერების განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები ძალაში რჩება.

ასევე, ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები „ქართული ოცნების” წინააღმდეგ. მათი შეფასებით, მხოლოდ განცხადებების გაკეთების დრო აღარ არის. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ იმასაც, რომ პოლიტიკური კრიზისის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროევროპული პარტიების ერთიანობა და საპროტესტო აქციების გაგრძელება.

„ჩვენი ე.წ. სამართალდამცველები  მასიურ ტერორს ეწევიან, ადამიანებს აშინებენ, მათზე ფიზიკურად ძალადობენ. ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვესმის, არის აღმაშფოთებელი, ადამიანებს საათობით ტოვებენ გარეთ, კეტავენ ოთახებში, ასხამენ გაზს, ურტყამენ, ამტვრევენ ძვლებში, დიდი ხნის განმავლობაში აწამებენ. ამას ვიდეოკამერაზე იღებენ. რასაც ეს ადამიანები გვიყვებიან, არის შემზარავი.

ამასთანავე, ეს არის დანაშაული. ამიტომ, მე მინდა ყველას მივმართო: ეს დანაშაული არავის შერჩება. ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. პოლიტიკური პატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ.

„ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. ჩვენ, მათ შორის, ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქართველი ხალხი ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე ცივილიზებული დასავლეთიდან იღებს.

სენატში გუშინდელი განხილვა „მაგნიტსკის“ აქტის გაფართოებასთან დაკავშირებით და მისი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისამართით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე,  რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყალბი ილუზიის შექმნის მცდელობაა, რომ ისინი რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნდეს და შევძლოთ ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

„ამ ქვეყანას არჩევანი მოპარეს და საბოლოო ჯამში, საჯაროდ გამოუცხადეს, რომ იგი დასავლეთისკენ აღარ წავა და რუსეთის ნაწილი აღმოჩნდება. რასაც ახლა რუსეთი საქართველოში ცდილობს ისაა, რომ ვიდრე ამერიკაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, რუსეთმა ეს ქვეყანა გაიფორმოს, როგორც საკუთარი ნაწილი, რათა საქართველოს საკითხი, როგორც 2012 წელს გვპირდებოდა ივანიშვილი, აღარ იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნები ძალაში რჩება. ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა მათგანი არის პოლიტიკური პატიმარი.

ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ. ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“.

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend