საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 დეკემბრის პრესკონფერენციაზე მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან პიროტექნიკის ამოღების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ვითარება შეიცვალა.
„ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა სწორედ პარტიული ოფისები იყო. როგორც კი ოფისებში შევედით, როგორც კი ძალადობის კერა და ძალადობის წყარო გავანეიტრალეთ, ძალადობაც დასრულდა.
რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არსებითად ოთხი პარტიაა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სათანადო რეაგირება სჭირდება. სამასი კაცის დაკავება არის აბსოლუტურად ლოგიკური. იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები პირდაპირ იყვნენ ჩართული. ისინი ძირითადად პარტიული აქტივისტები იყვნენ.
თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების და რაც მთავარია, ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს ჯანსაღი რეაქციისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ასევე მიმართავს ევროკავშირს და აცხადებენ, რომ თუ მოლაპარაკებების გახსნას შესთავაზებენ, ის თანახმა იქნება. მისივე განცხადებით, არავის მისცემენ შანტაჟის საშუალებას და ყველა პროცესი სამართლიანობაზე უნდა იყოს დამყარებული.
„არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს. აქაც ხელს კრავენ ქართველ ხალხს და უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე, თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას აქვს გახსნილი მოლაპარაკებები. მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. სუსტი ინსტიტუტებით, პრაქტიკულად, დამოუკიდებელი ტელევიზია არ დატოვეს. არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი და განსხვავებული აზრი საერთოდ არ ისმის მოლდოვაში. პოლიტიკური პარტიები აკრძალეს. პოლიტიკური პლურალიზმი არ არსებობს. რეალურად მოლდოვაში ეკონომიკა ჩამოაქციეს და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა რჩება დსთ-ს წევრად, არც სანქციები დაუწესებიათ და არაფერი. ნული კრიტიკა. ასეთ ქვეყანას უხსნიან მოლაპარაკებებს და საქართველოს და ქართველ ხალხს უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. ნუ, ყველაფერი დევს ხელის გულზე.
აქედან გამომდინარე, არა თუ შეგვიძლია ჩვენ ვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა, მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, ჩინოვნიკები ცდილობენ, ეს საკითხიც გამოიყენონ შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ჩვენ დღის წესრიგში აღარ ვაყენებთ ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას იმისთვის, რომ მათ არ დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი. მაგრამ აქვე ვაცხადებთ, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ ამ საკითხს. შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის“, – განაცხადა კობახიძემ.