უმაღლესი განათლების ექსპერტებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს. მათი განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც, მათი თქმით, უარყოფითად აისახება განათლების სისტემის რეპუტაციაზე.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა. ექსპერტების თქმით ეს ნიშნავს იმას, რომ შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულება და საქართველოს უმაღლესი განათლება, ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა.
თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა წარმოიშვა, 2024 წლის აპრილში, როცა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა გამოავლინა. მათი თქმით, ერთ-ერთი დარღვევა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა იყო, რომლის პირობებშიც, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.
ექსპერტები განმარტავენ თუ რას ნიშნავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
- საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
- ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
- საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
- მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უნივერსიტეტების შემოსავლებზე.- წერია, განათლების ექსპერტების განცხადებაში.
განათლების ექსპერტები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ისინი უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებენ საზოგადოებასთან.