ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ დღეიდან, 5 დეკემბრიდან, ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ დასავლელ პარტნიორებთან გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ სანქციები ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც, მათი თქმით, მოქალაქეების წინააღმდეგ სისტემურ უხეშ ძალას იყენებენ.
„დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ აქციის ყველა მონაწილეს, რომლებიც არიან გატაცებული. უკვე იმდენია დაკავებული, თბილისშიც ვეღარ ატევენ და რეგიონებში მიჰყვათ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის ლპობის ფინალურ სტადიაზე. ის ფაქტი, რომ ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, არ დარჩათ არანაირი სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. უამრავი პატიოსანი, პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მოუწევს არა მარტო ქვეყნის შიგნით აგოს პასუხი, არამედ ქვეყნის გარეთაც. ისინი ასევე მიმართავენ პოლიციას, დაიცვან კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები, „ქართულ ოცნებას“ კი მოუწოდებს, ხელახალი არჩევნები დანიშნოს.