მთავარისაქართველოომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. 

ომბუდსმენი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებსაც გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.

„მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში.

ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 პირი. ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ინახულა დაკავებული გელა ხასაია, რომელიც სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა, რაზეც დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია პოლიციის წარმომადგენლებთან და გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამედიცინო ეკიპაჟი. არაერთხელ განვმარტე და ახლაც გავიმეორებ, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა, აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებშიც“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, არის ნაცემი. მან აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს.

„ამასთან, ცალკე მინდა გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად, ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი“,- განაცხადა იოსელიანმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend