მთავარისაქართველო“ბოლო მოეღება კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას” - ირაკლი კობახიძე

“ბოლო მოეღება კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას” – ირაკლი კობახიძე

5 დეკემბრის პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციონერთა პარტიული ოფისებიდან ამოღებულია პიროტექნიკა, რომლითაც „ქართული ოცნების“ ოპონენტებს, ე.წ. „ნაცმაიდნის“ მოწყობა სურდათ.

პრემიერი აცხადებს, რომ ამას ისინი უცხოური დაფინანსებით აკეთებდნენ და ამ პროცესს იგი „ლიბერალურ ფაშიზმად“ მოიხსენიებს.

„საბოლოოდ დადასტურდა, გუშინდელ დღეს, რომ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის“ უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები. იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით ამ პარტიულ ოფისებში, ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შსს-ს.

ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით. როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე, დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული და დაორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოქმედებდნენ.

ასევე, იცით, რომ არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი „დაიტოვე“. აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს უკრაინაშიც კი სტუმრობდა. აქაც არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩავარდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ, საპროტესტო აქციებზე გასულ ახალგაზრდებს ოპოზიციის მხარდამჭერი არაგულწრფელი მოქალაქეები უწოდა და თქვა, რომ როდესაც მათ ხელიდან გამოეცალათ ძალადობის ინსტრუმენტი – პიროტექნიკა, რუსთაველზე ძალადობა დასრულდა.

„ბოლო მოეღება კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც აქვს საქართველოს მთავრობას – ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ა.შ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოჰაბიტაციის ყველა გამოვლინების და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში. ეს პროცესები იყო საქართველოში „ლიბერალური ფაშიზმის“ დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ლარის კურსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა რომ დროებითი რყევის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend