გუშინ, ორ დეკემბერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევს ეწვია. იგი კიევში ბოლოს ორი წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად იყო ჩასული.
კიევში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკა. ეს სატელეფონო საუბარი იმის ფონზე შედგა, როდესაც ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას მოიმოქმედებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.
ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. ოლად შოლცმა აღნიშნა, რომ ბერლინი კვლავ რჩება უკრაინის მეორე უდიდეს სამხედრო დონორად. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დეკემბრის ბოლომდე დამატებით 650 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.
მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, გერმანიამ თავი შეიკავა, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. უკრაინის პრეზიდენტი „ტაურუსის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასა და უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მოწვევას ითხოვდა. შოლცის თქმით, მისი უარი წინდახედული ნაბიჯია, რომელიც ესკალაციის თავიდან არიდებასაც ითვალისწინებს.
განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც. მან გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, უკრაინას არსებული იარაღი სტრატეგიული ობიექტების დასაცავად არ ჰყოფნის.
ოლაფ შოლცის კიევში ვიზიტს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი პროცესებს დეტალურად აკვირდება, თუმცა დიდი მოლოდინი ამ შეხვედრისგან არ აქვს.
სამაგიეროდ, პუტინთან სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებს და დასძენს, რომ დიალოგი ყოველთვის კარგია.