3 და 4 დეკემბერს ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესია უკრაინაში რუსეთის ომი. ალიანსის ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასაც.
ამასთან ერთად, სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიასთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობაზეც ისაუბრეს და განიხილეს, თუ რა საპასუხო ზომები შეიძლება მიიღონ.
„ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა – ყველა ეს ქვეყანა ჩართულია რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ… მეტის გაკეთება გვჭირდება. თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ის 2%-ის ნიშნულამდე აყვანა არ იქნება საკმარისი”, – განაცხადა მინისტერიალის გამხსნელ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
Russia and China have tried to destabilise our nations to intimidate us. #NATO Allies will face these threats by continuing to stand together. None of these actions will deter us from supporting #Ukraine or making our own defences stronger. pic.twitter.com/1EVo6puU86
— Mark Rutte (@SecGenNATO) December 3, 2024
სამხედრო ალიანსის ლიდერმა ისაუბრა მასსა და დონალდ ტრამპს შორის შემდგარ დიალოგზეც.
„რაც შეეხება ჩემს საუბარს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ბუნებრივია, ვერ გეტყვით, თუ რა მითხრა მან. მე მას მადლობა გადავუხადე პრეზიდენტობის დროს თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, მაგრამ მეტის გაკეთება გვჭირდება”, – ამბობს მარკ რუტე.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
„დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩვენი დროის ჩერჩილი”, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, ალიანსის წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ რუსეთი დარჩება საფრთხედ ევროპისა და სხვა დემოკრატიებისთვის, შესაბამისად, თავდაცვის ხარჯების გაზრდა აუცილებელია.
სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიასთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობაზეც ისაუბრეს. მათ განიხილეს, თუ რა საპასუხო ზომები შეიძლება მიიღონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ბრალდებებისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.
„ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ სანქციების დაწესება გადაწყვიტეს. გუშინ, 2 დეკემბერს, ჩვენ დავასანქცირეთ 11 პირი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი. ეს ეხება იმ დარღვევებს, რომლებსაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ, პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას… ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მათ მიერ არჩეულ გზაზე…
მე ვერ ვხედავ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების სურვილს, პირიქით. ევროკავშირმა ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყვიტა, შეეჩერებინა მთავრობის ფინანსური დახმარება. საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას და იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა. საუბარია მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. უკვე შეწყვეტილია მთავრობის დაფინანსების დიდი უმრავლესობა… ყველაფერი ძალიან მკაფიოა, აღარ მჯერა ამ ტყუილების“, – ამბობს მარგუს ცაჰკნა.
“The Georgian people should be able to stand up for their rights because their ruling party has been systematically lying to Georgians for a long time, and people have the right to express their feelings through protests.”
Full press release➡️https://t.co/psn4hfIO1G— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 2, 2024
ბალტიის ქვეყნების მსგავსად მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებას გეგმავს კანადაც.
„ამას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ“, – განმარტა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
„ერთადერთი რაც ქართველებს უნდა ვუთხრათ, ესაა: თუ არ გსურთ პატივი სცეთ წესებს, ჩაო… ჰასტა ლა ვისტა…“ – განაცხადა ქსავიერ ბეტელმა.