საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი გაუგზავნა „ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არჩევნების აღიარებას ადასტურებს.
„ეუთო/ოდირი არის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი. ეს თავდასხმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და შემდეგაც გრძელდება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც მთავარი სადამკვირვებლო მისიაა, ეს არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული. ამ თავდასხმის ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს“, – აცხადებს პრემიერი.
ირაკლი კობახიძემ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკას.
„ევრონიუს ჯორჯიას”ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან მაშინ, როდესაც ევროკავშირის ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელი პირი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, კობახიძემ უპასუხა, რომ მათი განცხადებები უსამართლო და ცალმხრივია, თუმცა, ურთიერთობები „გადაიტვირთება”.