მთავარისაქართველო„საქმე შანტაჟის ნაცვლად”- ირაკლი კობახიძე ევროკავშირს

„საქმე შანტაჟის ნაცვლად”- ირაკლი კობახიძე ევროკავშირს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის კანცელარიაში პრესკონფერენცია გამართა.

პრემიერმა თავდაპირველად გუშინდელი გადაწყვეტილება განმარტა, რომლის თანახმად “ქართული ოცნება” ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუჩერებია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, არამედ გარკვეულ ძალებს  საქართველოს მთავრობის შანტაჟის ბერკეტი გამოაცალეს.

“მინდა, მივმართო გუშინ შეკრებილ მომიტინგეებს, ვინც გულწრფელად იყო გამოსული, ძალადობრივ დაჯგუფებებზე არ მაქვს საუბარი, კიდევ ერთხელ წაიკითხონ გუშინდელი ტექსტი, რა ეწერა და რა ითქვა გუშინ. ძალიან მკაფიოდ იყო საუბარი, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგულნი, ძალიან მკაფიოდ ითქვა გუშინ, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგულნი, ძალიან მკაფიოდ ითქვა, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასოცირების დღის წესრიგი არის მთავარი გზამკვლევი და ამასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის მთავარი გზამკვლევი.

78-ე მუხლი ჩვენ გავალდებულებს, სწორედ, ამ ვალდებულებების შესაბამისად მოქმედებას,  ყველა პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გზამკვლევი არსად არის მოცემული გარდა ასოცირების დღის წესრიგის და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემას და საბიუჯეტო გრანტებს. აქ შეფასებაა მთავარი და შეფასება ჩვენი არის ის, რომ სამი წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა, ძალიან მარტივია, ხელის გულზე დევს. ხელოვნურად გამოიყენებოდა ამისათვის ინსტრუმენტად ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების გახსნა, საგრანტო დაფინანსება. საარჩევნო ჩარევისთვის იქნა გამოყენებული ეს საკითხი პირდაპირ, უხეშად, რაც არის უხეში დარღვევა დემოკრატიული არჩევნების პრინციპის. ამას რომ ვხედავთ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ რეაქცია გვქონდეს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს. გუშინაც ითქვა და დღესაც შემიძლია გავიმეორო – ჩვენი ეს გადაწყვეტილება არათუ ხელს შეუშლის, პირიქით ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, როცა შესაბამის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ხელიდან გამოეცლებათ შანტაჟის ინსტრუმენტი, დარჩება მხოლოდ საქმე და ეს საქმე არის ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ელჩმა დეზინფორმაცია გაავრცელა და ის დიდი ხანია ოპოზიციის მხარეს დგას, რაც მისი თქმით შემაშფოთებელია.

„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ, მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს მართლწესრიგის აღდგენისთვის. ამავე დროს, მწუხარება გამოთქვა აქციაზე, პოლიციელების მხრიდან მძიმედ დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების გამო.

„ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი არის იმ ძალადობის შედეგი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. სისტემური, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა იყო. იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, შეკრების დაშლის დროს დაშავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები.

ჩემი მოწოდებაა ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს. გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე საჭირო იქნება რეაგირება. როდესაც არის ამ მასშტაბის ძალადობა, ბუნებრივია მაღალი რისკი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაზიანდნენ, მათ შორის ჟურნალისტები. სამწუხაროა, სამომავლოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოირიცხოს. თუმცა, სისტემური, მასშტაბური ძალადობის დროს პირობებში რთულია ასეთი ფაქტების სრულად არიდება.

ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის, განსაკუთრებით თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან“, – აღნიშნა პრემიერმა.

ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თქვა რომ მთავრობას უარი არ უთქვამს გაწევრების შესახებ მოლაპარაკების გახსნაზე და მთავრობა დღესვე მზად არის ამისთვის.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების დროს. სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი“, – განაცხადა პრემიერმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend