ალბანელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მათმა ასობით მხარდამჭერმა ტირანას მთავარი ქუჩები გადაკეტეს.
დემონსტრანტებმა მთავრობას, რომელსაც სოციალისტური პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ედი რამა ხელმძღვანელობს, კორუფციაში, არჩევნების მანიპულაციასა და სასამართლო ხელისუფლების მიტაცებაში ადანაშაულებენ.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, მოქმედი მთავრობა ჩანაცვლდეს ტექნიკური მთავრობით, რომელშიც 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ ექსპერტები მიიღებენ.
საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, დემონსტრანტებს დაუპირისპირდა სპეცრაზმი, რომელიც ქუჩების გაწმენდას ცდილობდა.
დემონსტრაცია დასრულდა ოპოზიციის ლიდერების დაპირებით, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
დემოკრატიული პარტია და მისი მხარდამჭერები აპროტესტებენ მათი ლიდერის, სალი ბერიშას დაკავებასაც. ბერიშას ბრალი კორუფციაში ედება.