ახალი სამთავრობო შემადგენლობის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მიმდინარეობდა და დასრულდა. 27 ნოემბერს ეკონომიკური მიმართულების, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს დეპუტატებმა.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის სამოქმედო გეგმაში მთავარ პრიორიტეტად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და გაძლიერება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბოლომდე მიყვანა იქნება.
„ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზების და შეფასებების თანახმად, საქართველოს, მიმდინარე წელს და საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. მისი თქმით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა წელიწადში 600 000 კონტეინერი (TEU) იქნება, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის თქმით კი, მთავარი გეგმა, სოფლის მეურნეობის პროექტების დანერგვა, ასევე, ევროკავშირთან დაახლოებისთვის აღებული ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება იქნება.
„2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, რაც მომხმარებლისათვის უვნებელი სურსათის მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის დაგეგმარებაზე, საგარეო ვალის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებასა და სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.
„მოსალოდნელია, რომ 2025 − 2028 წლებში დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი იქნება მშპ-ის 2,5%; ჩვენ მიერ 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად წარმოდგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2025 წელს დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ია, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად მცირდება 2,2%-მდე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მომდევნო წლებშიც 5 პროცენტის ქვემოთ შენარჩუნდება და კლებადი ტენდენცია ექნება. მოსალოდნელია ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა 40 მილიარდ ლარამდე. 2025−2028 წლებში ვალის მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება მის უსაფრთხო დონეზე, რაც გულისხმობს მშპ-თან მიმართებით არაუმეტეს 40%-იან მაჩვენებელს. პორტფელის დივერსიფიცირება უზრუნველყოფილი იქნება საშინაო და საგარეო წყაროების ჯანსაღი კომპოზიციით“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მან, ყურადღება გაამახვილა განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზეც.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც და მოლოდინიც ამ მიმართულებით. ვფიქრობთ ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნის შემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
განათლების მომავალმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, სასწავლო რეფორმები მისეულ ხედვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ უწყებაში მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება.
„ჩვენი ხედვაა საუნივერსიტეტო კონსორციუმების, ქსელების ფორმირება, ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება, რომელიც მოიცავს როგორც ახალ კამპუსებს, ისე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ 2025 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებელი.
აღნიშნული კონცეფციის ნაწილი იქნება ასევე უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი – შედეგზე დაფუძნებული მოდელი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ დაფინანსების შესაბამისობას სახელმწიფო პრიორიტეტებთან და, ამავდროულად, უმაღლეს სასწავლებლებს შევუქმნით სათანადო ფინანსურ გარანტიებს ეფექტიანი და სტაბილური განვითარებისათვის“, – განაცხადა წულაძემ.
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თინათინ რუხაძემ, პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტრო ღია იქნება ყველა საინტერესო პროექტისთვის.
“ჩვენი კარი ღია იქნება დარგში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის, მოვისმენთ ყველას პოზიციას, თუმცა, გადაწყვეტილებას ქვეყნის და დარგის ინტერესების გათვალისწინებით მივიღებ – ქართული კულტურაც და სპორტიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი სიმპათია ან ანტიპათია და პოლიტიკური შეხედულებები”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მთავრობის დამტკიცებისთვის პარლამენტი დაჩქარებულად გადის პროცედურებს. კომიტეტებმა ორი დღის განმავლობაში მოკლე ფორმატით მოუსმინეს მინისტრობის ყველა კანდიდატს. დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიცია. არც სამოქალაქო სექტორი. განსხვავებული და კრიტიკული აზრის მქონე დამსწრეების არ ყოფნის გამო, სხდომები მალე დასრულდა. პარლამენტი ახალ მთავრობას ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობით, 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
ალეკო გვეტაძე