საქართველოს მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა თავად ისაუბრა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა საზოგადოებას ყოფილი ფეხბურთელი და უმრავლესობის მოქმედი წევრი პრეზიდენტობის კანდიდატად. და როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, იგი „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო, რომელიც განსაკუთრებით წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა.
„ის თავისი ბუნებით და ჰაბიტუსით არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“ – ასე შეაფასა მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ სწორედ მიხეილ ყაველაშვილი დაასრულებს პრეზიდენტის მიერ „ქვეყნის ღალატის პრაქტიკას და იქნება არა უცხოური ძალების, არამედ ქართველი ხალხის სამსახურში“.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი 26 ნოემბრის სხდომაზე დანიშნა. პრეზიდენტობის, სავარაუდოდ, ერთადერთ კანდიდატურას 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია უყრის კენჭს და ამ კოლეგიაში უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს.
მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. 2022 წლის აგვისტოში კი მან მმართველი პარტია დატოვა და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებთან ერთად ახალი პარტია „ხალხის ძალა“ დააფუძნა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაშინ საზოგადოების „სიმართლით აღჭურვა“ დასახელდა. სწორედ „ხალხის ძალა“ იყო ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის პირველი ინიციატორი პარლამენტში… პოლიტიკურ საქმიანობამდე მიხეილ ყაველაშვილს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ის ჯერ დინამო თბილისში თამაშობდა, შემდეგ
რუსულ ვლადიკავკაზის ალანიაში, მოგვიანებით კი მისით ინგლისურ კლუბი „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა და ამ კლუბში 2 სეზონი ითამაშა. ინგლისის პრემიერ ლიგის შემდგომ კი მის კარიერაში შვეიცარიული კლუბების ერა დაიწყო – მან 6 სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბში ითამაშა და საბოლოოდ კარიერა 2006 წელს, ბაზელში დაასრულა. დეპუტატობის პერიოდში არაერთხელ დაისვა კითხვა, ჰქონდა თუ არა მას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი. საჯარო წყაროებში საქართველოს მომავალი პრეზიდენტის აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი გამოაქვეყნა წერილი, 2022 წელს, საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის საპასუხოდ, სადაც წერია, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ იძებნება მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.