„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება“ – ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მე-6 პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა წარადგინა. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ყოფილი ფეხბურთელი და დეპუტატი გუნდის პრინციპული არჩევანი სწორედ ამ კრიტერიუმების გამო აღმოჩნდა.
მმართველი გუნდის კანდიდატურა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნედ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე იქცა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მასზე პარტიული გავლენის მოხდენას ცდილობს.
„კიდევ ერთხელ გათენდა ის დღე, როდესაც, თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყოს. თუმცა, რატომ არის ეს გასაკვირი? იქ, სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ, სადაც თავად ივანიშვილია, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.
„პირველი, რაც გამახსენდა, როდესაც ივანიშვილის ბრიფინგი ვნახე, იყო კალიგულა, რომელმაც რომში სენატში შეიყვანა თავისი ცხენი და სენატორადაც კი აკურთხა ის. ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციაციას იწვევს კალიგულასთან. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციას მისცემს ივანიშვილი მის „მორჩილ ცხენს“. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი სრული იზოლაციის გზით მიდის“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
ოპონენტების კრიტიკის ერთ-ერთი სამიზნე მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი განათლების საკითხიც გახდა. „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერების მტკიცებით, ეს თანამდებობაზე დასანიშნად არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის.
„მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ხალხს და სამშობლოს და არათუ გარედან მიღებული დავალებების შესრულებაზეა საუბარი, არამედ ის იქნება მათ შორის, ზეპარტიული ლიდერი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, ამ საუბრებიდან და მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ ის იქნება ზეპარტიული ლიდერი და მაქსიმალურად შეეცდება, რომ იმ გამაერთიანებელ თემაზე ჰქონდეს ორიენტირი, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით.
სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს – სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია. საქართველოს კონსტიტუცია კანდიდატთა რაოდენობის მხრივ არანაირ რეგულაციას არ ითვალისწინებს, ამიტომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ახალი პრეზიდენტის არჩევა მაინც იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ კენჭისყრასა და კანდიდატურის წამოყენებაზე უარს აცხადებენ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“.
ახალ პრეზიდენტს საქართველო ახალი წესით 14 დეკემბერს, 300-წევრიანი კოლეგიით აირჩევს. თანამდებობაზე დასანიშნად პრეზიდენტობის კანდიდატს სულ მცირე 200 ხმა დასჭირდება. თუკი კანდიდატმა ამ რაოდენობის ხმები არ დააგროვა, იმავე დღეს ინიშნება მეორე ტური, სადაც კოლეგიის 151 წევრის თანხმობა იქნება საჭირო. არჩევიდან მესამე კვირას, 29 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, რის შემდეგაც, ახალი პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეცვლის.