გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა მემუარები გამოაქვეყნა. პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყანას სათავეში 16 წლის განმავლობაში ედგა და პირველი ქალი, რომელმაც გერმანიის კანცლერის პოსტი დაიკავა, ბავშვობასა და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს იხსენებს.
ანგელა მერკელის მმართველობას სტაბილურობით გამოარჩევენ, თუმცა ამავდროულად, გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებასა და ინოვაციების ნაკლებობაში ადანაშაულებენ. გერმანიის ყოფილი კანცლერი მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრებზე, საინტერესო საუბრებსა და მისი კანცლერობის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს ჰყვება. ჰყვება ბარაკ ობამასთან და დონალდ ტრამპთან ურთიერთობებზე და კონტრასტზე, რომელსაც ორ პრეზიდენტს შორის ხედავდა. ანგელა მერკელიც საკუთარ თავს ეკითხება, შეეძლო თუ არა მეტის გაკეთება ბრექსიტის თავიდან ასაცილებლად. საუბრობს რუსეთთან ურთიერთობასა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრებზე.
წიგნი, რომელსაც „თავისუფლება“ ჰქვია და რომელიც 700 გვერდისგან შედგება უკვე ბევრმა შეიძინა: „მან, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დაუშვა. ამასაც სჭირდება განხილვა და რამდენადაც ერთ-ორ ინტერვიუში წავიკითხე, ის ამ შეცდომებზე თავის წიგნში უცილებლად ისაუბრებს. მე ძალიან მაინტერესებს მისი სათქმელი, მათ შორის ის, რაც შეიძლება აქამდე არ გვსმენია“, – ამბობს აქსელ უოლრაბენშტეინი.
ანგელა მერკელის 16-წლიანი კანცლერობის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა ოთხი პრეზიდენტი, დიდმა ბრიტანეთმა კი, 5 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. საკუთარ წიგნში იგი ამ წლებთან ერთად კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გატარებულ ბავშვობასაც იხსენებს.