საქართველოს პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე, დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავრობის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა და სამოქმედო გეგმის განხილვა მიმდინარეობდა.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის დაწყებიდან მეორე დღეს, ახლადშექმნილმა კომიტეტებმა, ახალი სამთავრობო შემადგენლობის წარმომადგენლებს მოუსმინეს.
მინისტრების მოსმენამდე, პლენარულ სხდომაზე, მთავრობის ძველი შემადგენლობის უფლებამოსილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
პარლამენტი ხუთშაბათს, 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს უკვე წარედგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი გააცნო ბიუროს შემადგენლობას. გრაფიკის მიხედვით, საკომიტეტო განხილვები 26-27 ნოემბერს გაიმართება. 28 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას და სამთავრობო პროგრამას ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნება“ მოისმენს, ხოლო შემდეგ მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად სესიაზე გავა.
პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა – იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილია წარდგენილი, ხოლო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა.
ალეკო გვეტაძე