საფრანგეთის სასამართლოში 11 კვირიანი მოსმენა დასრულდა. მოსამართლემ ჟიზელ პელიკოს საქმეზე განაჩენი უნდა გამოიტანოს.
პროკურორებმა ჟიზელ პელიკოს ყოფილი ქმრისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. ბრალდებულმა აღიარა, რომ ყოფილი მეუღლე ნარკოტიკებით გააბრუა, სექსუალურად იძალადა და სანამ ის უგონო მდგომარეობაში იყო, ათობით უცხო კაცმაც გააუპატიურა.
მათმა ნაწილმაც აღიარა დანაშაულში მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ ისინი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ.
ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთში და არა მხოლოდ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიეს განცხადებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად მთავრობა დამატებით ფინანსებს გამოყოფს. ასევე გამარტივდება ოჯახში ძალადობის შესახებ საჩივრის შეტანის პროცედურა.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი საჭირო თანხა წელს 7 მილიონი ევროთი გაიზარდა. მოგეხსენებათ, ძალადობის მსხვერპლთ გასული წლიდან აქვთ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ სახლიდან წამოსვლა, მოიძიონ ახალი თავშესაფარი და დაფარონ ყოველდღიური ხარჯები. 2025 წლის ბოლოსთვის ქალებს შეეძლებათ საჩივრის წარდგენა საფრანგეთის იმ საავადმყოფოებში, რომლებშიც გადაუდებელი დახმარებისა და გინეკოლოგიის განყოფილებებია,” – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ.
სასამართლო პროცესს ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო საზოგადოებაც. ჯიზელ პელიკო სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა. სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობის წინ ათეულობით აქტივისტმა პელიკოს მხარდასაჭერად პლაკატები მიიტანა.