კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ოფიციალურად მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ ცნობენ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას და არ აპირებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას.
“ჩვენ მივმართავთ ცესკოს დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერი ლიდერები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით შეიქმნას ალტერნატიული პარლამენტი და მოუწოდეს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუერთდნენ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივას.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არის ალტერნატიული პარლამენტის, პირობითი სახელია, სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა, რათა შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, მოვთხოვოთ დასავლეთს ამ ცენტრისა და ამ ალტერნატიული პარლამენტის აღიარება”, – დაამატა მამუკა ხაზარაძემ.
„ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს,შეიქმნას ახალი წარმომადგენლობითი სტრუქტურა, რომლის სახელზე შეიძლება ვიფიქროთ. მას შეიძლება ეწოდოს ალტერნატიული პარლამენტი, ან წარმომადგენლობითი საბჭო. ეს ბუნებრივია, შეთანხმების საკითხია. კონსულტაციები დაწყებულია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, უფრო სამუშაო დონეზე. ახლა დრო არის კიდევ უფრო გაფართოვდეს ეს წრე – შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და განვაახლოთ ჩვენი ბრძოლა ახალი ეტაპიდან. გუშინ არაფერი არ დასრულებულა”, – თქვა „ძლიერი საქართველოს” წევრმა, ლევან ცუცქირიძემ.
ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები მუშაობენ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მისი გუნდის წევრები და ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, პერსონალურად დასანქცირდნენ.
„ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამომრჩეველთან, 200 ათასზე მეტ ადამიანთან იმისთვის, რომ პერსონალური პასუხი გაეცეს კონკრეტულად გამყალბებლებს – ბიძინა ივანიშვილს, მის გუნდს, კალანდარიშვილს და ისინი სწრაფად დასანქცირდნენ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.