ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩში ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ფინეთს 81:64 მოუგო.
ქართველთა რიგებიდან საუკეთესო შედეგი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა – 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი.
ნაკრების ახალმა ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა მატჩი 22 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა.
“ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ყველამ იცის, რომ ფინეთი ძალიან ძლიერი ოპონენტია. კარგად ისვრიან და რაც მთავარია, ევრობასკეტზე ასპარეზობის უფლება უკვე აქვთ, რაც გუნდს კიდევ უფრო საშიშს ხდის – დასაკარგი არაფერი აქვთ. მატჩი ჩვენთვის მძიმედ დაიწყო თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა შევძელით.
ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის ყველაზე საამაყოა, ამაში უდიდეს ძალისხმევას ვდებ. ყველა კალათბურთელი ბავშვის ოცნება NBA-ში თამაშია, ჩემი – ნაკრებში თამაში იყო. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ყოველი შემდეგი თამაში მეამაყება. ყველას ვეუბნები, ფიზიოებს, გუნდელებს, არ მკითხოთ ვარ თუ არა დაღლილი. ამას არასდროს ვიტყვი, მირჩევნია საკუთარი თავი დავარწმუნო იმაში რომ დასვენებული ვარ. ახალგაზრდა კალათბურთელებს მინდა ვუთხრა, რომ ფიზიოლოგიურ მომზადებასთან ერთად დრო მენტალურ მომზადებასაც დაუთმონ. ეს შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც იყოს”,- ამბობს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია.
“ჯერ საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა. ნაკრების ეს შემადგენლობა იმსახურებს, რომ ისევ ითამაშოს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე. ფინეთი ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია, თუმცა ამ თამაშშიც ბოლომდე მონდომებულები იყვნენ. დანიასთან მათ თამაშს ვუყურე და მოხიბლული დავრჩი. ჩვენთვის დღევანდელი დაპირისპირდება უმნიშვნელოვანესი იყო. ეს შესაძლებლობა უნდა გამოგვეყენებინა და მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს საკმაოდ ვაჯობეთ. მინდა, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, ჩემი გაძლება მარტივი არ არის
თორნიკე შენგელიას ხვალ არავინ კითხავს როგორ შეძლო ასეთი მძიმე რეჟიმის მიუხედავად გამოსვლა და ასეთ დონეზე თამაში. ეს ფანებისთვის და ჩვენთვის საინტერესო არ არის, უბრალოდ გვინდა რომ კარგად ითამაშოს. ის ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მზად არის და ამიტომაც ჩემ დიდ პატივისცემას იმსახურებს”. – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა.
მომდევნო, გადამწყვეტ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2025 წლის 21 თებერვალს, ისევ თბილისში, დანიის წინააღმდეგ გამართავს.