საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გუშინ გვიან ღამით შეიკრიბნენ, ღამე გაათენეს.
მოგვიანებით, მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, აქციებს უკვე თითქმის ერთი თვეა, მართავენ.
დღეს, 25 ნოემბერს, 12 საათზე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი, რასაც არჩევნების შედეგებთან ერთად აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი. პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ს სპეცტექნიკაცაა მობილიზებული.