ორშაბათს, 18 ნოემბერს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ოცი ქვეყნის ლიდერები გლობალური პრობლემების განსახილველად შეიკრიბნენ.
სიღარიბე, შიმშილი, ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში, რუსეთ-უკრაინის ომი – ეს ის საკითხებია, რომელთა გადაჭრასაც ისინი დიდი ოცეულის სამიტზე შეეცდებიან. ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, თუმცა ამ დეკლარაციაში პრობლემების მოგვარების გზებზე დეტალური ინფორმაცია არ არის.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. მან ისაუბრა პრეზიდენტ პუტინის ახალმიღებულ ბირთვულ დოქტრინაზე და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას.
„პრეზიდენტმა პუტინმა რამდენჯერმე განმარტა, რომ თუ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ისვრიან, ეს იმას ნიშნავს, რომ რაკეტები ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მიერაც არის მართული. ჩვენ დასავლეთის ჩართულობას რუსეთის წინააღმდეგ ომში ხარისხობრივად გადავაფასებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღეს ჩვენ ოფიციალურად გამოვაქვეყნეთ ბირთვული დოქტრინის ფუნდამენტური პრინციპები. ამ დოქტრინაში ყველაფერი, რაზეც ვლადიმერ პუტინი საჯაროდ თვეზე მეტი საუბრობდა, კანონის დონეზეა დადასტურებული და მე იმედი მაქვს, რომ დასავლეთში ამ დოქტრინას წაიკითხავენ. იმას არ ვგულისხმობ „გაეროს“ წესდებიდან რომ მხოლოდ იმას კითხულობენ, რაც მათ სჭირდებათ, იმედი მაქვს, მას საფუძვლიანად გაეცნობიან“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
სერგეი ლავროვმა ისაუბრა უკრაინის მიერ გასულ ღამეს ATACAMS-ის რაკეტებით მიტანილ იერიშზე. ლავროვის აზრით, ეს იმის დასტურია, რომ დასავლეთს ესკალაცია სურს.
„ის, რომ ბრიანსკის რეგიონში ამაღამ ATACAMS-ის რაკეტები გამოიყენეს, რა თქმა უნდა, გზავნილია, რომ მათ სურთ ესკალაცია. შეუძლებელია, რომ უკრაინელებმა ასეთი მაღალტექნოლოგიური რაკეტები ამერიკელების გარეშე გამოიყენონ, პუტინმა ეს ბევრჯერ აღნიშნა და ყველა გააფრთხილა, რომ ჩვენი პოზიცია შეიცვლებოდა, თუ უკრაინა ამ რაკეტების 300 კილომეტრზე გამოყენების ნებართვას მიიღებდა“, – ამბობს სერგეი ლავროვი.
რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინის მიხედვით მოსკოვს შეუძლია, ბირთვული იარაღის გამოყენების წინაპირობები შეამსუბუქოს და ბარიერი დაწიოს. ახალი დოქტრინა რუსეთს უფლებას აძლევს, არაბირთვული იარაღით თავდასხმას ბირთვული იარაღით უპასუხოს, თუ თავდამსხმელი ბირთვული სახელმწიფოს მიერაა მხარდაჭერილი.