თითქმის 14-საათიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების გადაწყვეტილებები უცვლელი დატოვა. სასამართლო სხდომაზე 26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ მტკიცებულებები განიხილეს. მოსარჩელეები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდნენ. პროცესზე მათ 11 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არცერთი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ივერი აბაშიძე კოალიციების – „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გაერთიანებულ სარჩელებს განიხილავდა. სხდომა 13 ნოემბერს 11:00 საათზე დაიწყო და 14 ნოემბერს ღამის პირველ საათზე დასრულდა.
მოპასუხე მხარე ცესკო იყო. უწყების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 13 ნოემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოსაქვეყნებლად ვადა 21 ნოემბრამდე აქვს.