ორშაბათს სერბეთში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
მოქალაქეები პრემიერ მინისტრ ვუჩიჩის მთავრობის გადადგომას და მაღალჩინოსნების დაკავებას ითხოვენ ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის გამო, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ სამშენებლო სამუშაოები კორუფციული გარიგებების ფონზე დაუდევრად ჩატარდა.
მათი აზრით, სწორედ ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ ჩინური კომპანიები, რომლებთანაც სახელმწიფო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის ჩასატარებლად კონტრაქტებს აფორმებს.
ნოვი–სადის მატარებლის სადგური, რომელიც თავდაპირველად 1964 წელს აშენდა, ორჯერ გარემონტდა ბოლო წლებში. სადგური საზეიმოდ ორი წლის წინ გახსნეს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და მისმა პოპულისტმა მოკავშირემ, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა.
საზეიმო გახსნიდან ორი წლისთავზე, პირველ ნოემბერს სადგურის ბეტონის სახურავი ჩამოინგრა.
სერბეთის ხელისუფლებამ საკითხზე გამოძიება მალევე დაიწყო. კვირას თანამდებობიდან გადადგა მშენებლობის მინისტრი.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ გამოძიება სამართლიანი და შედეგიანი იქნება, რადგან სერბეთის პოპულისტი ხელისუფლება აკონტროლებს როგორც პოლიციას, ასევე სასამართლო სისტემას.