ზამთრის მოახლოებასთან ერთად უსახლკარო პირთა ისედაც მძიმე ყოფა კიდევ უფრო მწვავდება. მართალია, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ფუნქციონირებს სპეციალური თავშესაფრები, თუმცა პრობლემა მაინც აქტუალურია. ბევრი მათგანი იქ ცხოვრებას ქუჩაში ყოფნას ამჯობინებს, თუნდაც, საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების ფასად. ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები საკანონმდებლო ბაზის არარსებობასა და საკითხის მიმართ სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ: „სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სტატისტიკა, რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში!”
„ეს არის ჩემი დიდი შეცდომა ცხოვრებაში, რომ მე ბინა გავყიდე და დავრჩი ორი შვილით გარეთ“, – წუხს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარი მზია გაჩეჩილაძე.
გარეთ ყოფნას მზია გაჩეჩილაძემ თავშესაფარში ცხოვრება ამჯობინა. ის უკვე რვა წელია თბილისის უსახლკაროთა თავშესაფარს აფარებს თავს. 240-ადგილიან შენობაში ახლა 108 ბენეფიციარი ცხოვრობს, ყველა მათგანს აქ მოხვედრის საკუთარი ისტორია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარს კიდევ ასზე მეტი პირის მიღება შეუძლია, ბევრ უსახლკარო ადამიანს მაინც ქუჩაში ცხოვრება ურჩევნია. ამ გარემოებას თბილისის მერიაში ასე ხსნიან.
„პირველი ის, რომ თავშესაფარში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების შეტანა, თუმცა ეს პირები შეიძლება მეტ-ნაკლებად იყვნენ ალკოჰოლის მომხმარებლები და შესაბამისად, ამას აპროტესტებდნენ და მეორე – ადამიანი კონკრეტულ გარემოს არის შეგუებული, ანუ რას ვგულისხმობ, ეს მისთვის არის, თუ შეიძლება ითქვას შემოსავლის წყარო, ისინი იქ არსებობენ სხვადასხვა ადამიანის შემოწირულებებით. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, რომ ისინი უარს ამბობდნენ თავშესაფარში გადაყვანაზე“, – აცხადებს გელა ჩივიაშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.
თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ერთ ოთახში ათამდე ადამიანს უწევს ცხოვრება. ამას კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში” ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ.
„ის, რომ ადამიანს ელემენტარულად არ აქვს მინიმალური, საკუთარი, ინდივიდუალური ადგილიც კი, სადაც შეუძლია, თუნდაც, მცირე დროის განმავლობაში იცხოვროს, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა და არის პრობლემა.
დამატებით სახელმწიფო, არც მუნიციპალიტეტი არ მუშაობს იმისთვის, რომ ეს ადამიანები ეკონომიკურად გააძლიეროს, ჩართოს რაიმე დამატებით სერვისებში, თუნდაც, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ უსახლკარობის მდგომარეობიდან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც სპეციალისტები საუბრობენ სტატისტიკის არარსებობაა. მთავრობას თუ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ინფორმაცია რამდენი უსახლკარო პირი ცხოვრობს ქვეყანაში.
„ჩვენი ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია იყო, რომ პირველ რიგში დაინახე რა მდგომარეობა გაქვს შენს ქვეყანაში, თუ არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები, თუნდაც, ქვეყნის მასშტაბით ან კონკრეტული მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორ შეგვიძლია ჩვენ არარსებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუნდაც, ლოკალურ დონეზე. რა ტიპის სერვისები მივაწოდოთ მოსახლეობას, ან როგორ გავწეროთ კონკრეტული პროგრამის ბიუჯეტი? აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია კვლავ იგივე რჩება, უნდა განისაზღვროს ერთიანი ცნება, ვინ ითვლება უსახლკაროდ“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.
„ბაზის გაკეთება რთულია იმ მხრივ, რომ ამ ადამიანების მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მონიტორინგი, თუკი სადმე ადამიანი არის ქუჩაში და მას საცხოვრებელი არ გააჩნია. გვარი, სახელების ბაზა, ვინც უკვე აღრიცხულია, არსებობს. ხვალ ვინ გახდება თავშესაფრის მაძიებელი ამის წინასწარ თქმა ძნელია და შესაბამისად, ალბათ, ბაზა არ იქნება სრულყოფილი. ეს არის ყოველდღიური ცხოვრების რუტინა, რომელიც იმ სისტემაში ჯდება, რომელსაც მერია სთავაზობს შემდგომ უკვე ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.
იმისთვის, რომ პირი დიდი ლილოს თავშესაფარში მოხვდეს, ის თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული. თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა ზამთარში მოხსნილია და სერვისით სარგებლობა ნებისმიერ უსახლკარო ადამიანს შეუძლია. თავშესაფარი საწოლისა და უფასო კვების გარდა უსახლკარო პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
„თავშესაფარში მუშაობს სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგი, ხდება თითოეული მათგანის შეფასება მათ მიერ, დგება მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, სპეციალისტი იწყებს მათთან მუშაობას. ვმუშაობთ ჯგუფურადაც, ასევე გვაქვს გასართობი ღონისძიებები, როგორებიცაა ნარდის ჩემპიონატი, სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი, ფილმის ჩვენება, შრომითი თერაპია და არტ თერაპია“, – გვიყვება ნინო ბისეიშვილი, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორის მოადგილე.
აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ კმაყოფილი არიან თავშესაფარში არსებული პირობებით, თუმცა მაინც ოჯახური გარემო ენატრებათ…
„ჩემი უფროსი შვილი საერთო საცხოვრებელშია, ახლა ნგრევაშია ისიც და იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, იქნება სიბერეში მაინც… მომენატრა სახლი და როგორმე იქნებ, ვიცოცხლო კიდევ და ვიგრძნო, რომ ვარ დედა, რომ ვარ დიასახლისი“, – ამბობს მზია გაჩეჩილაძე.