მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას არ შეხვდება

შალვა პაპუაშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას არ შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან და საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი ევროპელ დეპუტატებს მან წერილობითაც განუმარტა.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული რჩება, თუმცა საქართველოში ჩამოსულ დელეგაციასთან „შეხვედრების გამართვის განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებს“. პაპუაშვილი წერს იმასაც, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს „საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე“ სხვაგვარი მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა.

„საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა და ქმედებები, რომელთა მომსწრენი ვართ უკანასკნელი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აგრეთვე, ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას.

შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით ქვეყანაში არეულობას თესდე.

26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

არჩევნების უარყოფა და ამომრჩეველთა ასეთი ძლიერი ხმის იგნორირება ის გზაა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში მიჰყვება და რასაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია. თუმცა, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend