რუსულმა დრონებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე გუშინ, 11 ნოემბერს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უკრაინის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.
თავდასხმამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, თუმცა ოდესის მერი ამბობს, რომ დრონების თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“მოწინააღმდეგეს ჩვენი ქალაქი უკვე მეოთხე ღამეა, რაც მიზანში აქვს ამოღებული. თავდასხმისას შაჰიდის რამდენიმე დრონი იყო გამოყენებული. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აგრეთვე, დაზიანდა საცხოვრებლები, კერძო სახლები განადგურდა და მოქალაქეებს ახლა ქუჩაში უწევთ ყოფნა“, – ამბობს ოდესას მერი, გენადი ტრუხანოვი.
მსგავსი თავდასხმა მოხდა პარასკევს და შაბათს ღამითაც. ათობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე გაძლიერებული საჰაერო თავდასხმების პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს დასავლეთს მეტი იარაღის მიწოდებისკენ. აგრეთვე, ისინი ელოდებიან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას.
თუმცა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინში, ბევრი რამ გაურკვეველი რჩება.