საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნების გამოძიებაზე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ გაითვალისწინა, თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში არ მივიდა, რის შესახებაც, მისი თქმით, „დასკვნები ყველამ უნდა გამოიტანოს“. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით ის 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას შარლ მიშელსაც ესაუბრა.
„მე ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას. ბორელის, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შევახსენე, სადაც ისინი ეროვნულ გამოძიებაზე საუბრობდნენ – ქართული კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე შარლ მიშელს განვუმარტე, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას. მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემაზე, შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში. შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ზურაბიშვილის მიმართ, რომ პროკურატურასთან ეთანამშრომლა, თუმცა ამაზე ზურაბიშვილმა უარი თქვა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ, გამოიტანს დასკვნებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
8 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „არსებობს გარკვეული ეჭვები და საჭიროა სამართლიანი გამოძიების ჩატარება“.