მთავარისაქართველოსაოლქო კომისიებმა 1200-მდე საჩივრიდან დაახლოებით 15 პროცენტი დააკმაყოფილეს

საოლქო კომისიებმა 1200-მდე საჩივრიდან დაახლოებით 15 პროცენტი დააკმაყოფილეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, საოლქო კომისიებმა საჩივრების დაახლოებით 15% დააკმაყოფილეს.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რომ 1 201 საჩივრიდან ოლქებმა 917 საჩივარი არ დააკმაყოფილეს. მხოლოდ 167 საჩივარი დაკმაყოფილდა ან სრულად ან ნაწილობრივ.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქებმა 107 საჩივარი სრულად განუხილველად დატოვეს. გიორგი სანტურიანის განმარტებით, საოლქო კომისიებმა დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, 427 უბნის შედეგები კი ხელახლა გადაითვალეს. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, გაბათილდა 12 გადასატანი ყუთის შედეგები.

„წარმოდგენილი საჩივრების შედეგად და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და საერთო ჯამში საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაბათილდება 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადათვალეს 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში, ჯამურად გადაითვალეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და მთლიანობაში, ხელახლა დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. ცვლილებები საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა“, – განუცხადა გიორგი სანტურიანმა ჟურნალისტებს.

საარჩევნო დავები უკვე დასრულებულია საოლქო კომისიებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოებში. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავებს, გიორგი სანტურიანის ცნობით, დღეს, 8 ნოემბერს, მხოლოდ ერთი საქმის განხილვაა დანიშნული. 21 ნოემბერს კი ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend