უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლების ცნობით, უკრაინამ პირველად შეუტია ჩრდილოეთ კორეის ჯარებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონში, კურსკში, სადაც უკრაინის სამხედრო ძალები ტერიტორიას აგვისტოდან იკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ეკონომიკ თაიმსი“ THE ECONOMIC TIMES ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით დანაკარგების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.
ინფორმაციას იმის შესახებ რომ, უკრაინის საზღვართან ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, ადასტურებს, სეული, პენტაგონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ მოუწოდა.
“კურსკის ოლქში უკვე 11 000 ჯარისკაცია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების რაოდენობა იზრდება, თუმცა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ დრომდე არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროკავშირმა და სამხრეთ კორეამ, დაგმეს ჩრდილოეთი კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გაგზავნა და საგანგებო ძალების დისლოცირება კრემლის დასახმარებლად. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩო ტჰე იოლის შეხვედრას სეულში, ერთობლივი განცხადება მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა არის “არა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის ღია დარღვევა, არამედ ის ახანგრძლივებს უკრაინელი ხალხის ტანჯვასა და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოებას, მათ შორის კორეის რესპუბლიკასა და ევროპაში”.
მაშინ როცა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის უმაღლესს წარმომაგენელთან შეხვედრას მართავდა, რუსი მნაღალჩინოსნები ჩრდილოკორეელ კოლეგებს ხვდებოდნენ. სწრორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვე სონ ჰუიმ განაცხადა, რომ ფხენიანი რუსეთის მხარს დაუჭერსუკრაინაში „გამარჯვებამდე“.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ივნისში პუტინის და დიქტატორ კიმ ჩენ ინის მიერ გაფორმებული თავდაცვის პაქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მხარეები „დაუყოვნებლივ გაუწევენ ერთმანეთს სამხედრო და სხვა დახმარებას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით“, თუ რომელიმე მხარე საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ამ მოვლენების ფონზე, სამხრეთ კორეის დაზვერვა შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია იბრძოლოს ფხენიანთან ერთად სეულის წინააღმდეგ.
ამ ყველაფერს კი თან ერთვის მასშტაბური სამხედრო მანევრები კორეის ნახევარკუნძლუთან, რომელსაც ერთის მხრივ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ჯარები, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ატარებს.
ეს და სხვა პროცესები ანალიტიკოსებს უჩენს შიშს, რომ ვითარება მსოფლიოში კიდევ უფრო დაიძაბება.
ჩიჰიუნ ჰარისონ კიმი, ასოცირებული პროფესორი ჰავაის უნივერსიტეტში, მიიჩნევს, რომ ეს სახიფათო თანამშრომლობა გეოპოლიტიკურ მოვლენებზეც აისახება.
“ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნისა და ბირთვული იარაღის პროგრამის გაძლიერებით ეს ორი ქვეყანა, ჩრდილოეთი და სამხრეთი, ნამდვილად შორდება როგორც ერთმანეთს, ისე ამ გაერთიანების პოლიტიკას”, – განმარტავს ჩიჰიუნ ჰარისონ კიმი.
და სანამ მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ამერიკის არჩევნებისკენაა მიმართული, ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში ემზადებიან რომ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთონ. და თუ მართლა ასე მოხდა, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის პირველი მონაწილეობა ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში 1950-53 წლების კორეის ომის დასრულების შემდეგ.