მედიაომბუდსმენი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.
როგორც მედიაომბუდსმენი წერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა გამოავლინა, ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.
ანგარიშში ასევე წერია, რომ დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებთან ერთად ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება, მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას.