დასავლელი პარტნიორების კრიტიკული ანგარიშები და გზავნილები, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები და საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებების უცვლელი პოზიცია – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები კენჭისყრის დღიდან მეხუთე დღესაც აქტუალურია.
ოპოზიციონერი ლიდერები საპარლამენტო მანდატებზე კატეგორიულ უარს აცხადებენ და კვლავ უნდობლობას უცხადებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მათი შეფასებით, „დაწერილ“ ოფიციალურ შედეგებს.
28 ოქტომბერს, საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალათასიან მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე დადებული პირობა საზოგადოებისთვის სამოქმედო გეგმის სახით არ გასაჯაროებულა. პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების ლიდერები საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით, ეს რუსთაველის გამზირზე არ თქმულა.
„ქუჩა არის მთავარი და შესაძლოა, ერთადერთი ფორმატი პოლიტიკური პროცესების სწორად მართვის, როცა არის ხელისუფლება უზურპირებული და როცა ყველა სხვა უფლება წართმეულია. ქუჩა არ გულისხმობს ძალადობას, მაგრამ ასევე ყოველთვის არ გულისხმობს კონცერტებს, ზეიმს და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ახლა არ გვაქვს სტიქიური გადაწყვეტილებების უფლება. ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება გონიერი, გონივრული, დაგეგმილი და, ხაზს ვუსვამ, შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
„ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებს აზრი დაუკარგა. ეს სისტემა გამოძიებული თუ არ იქნება და არ შეიცვლება, არასდროს ამ ქვეყანაში არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება. უბრალოდ, ნომინალურად ჩავატარებთ არჩევნებს. ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება, არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ თუ გასული 3-4 წლის მანძილზე 250 ათასმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ვფიქრობ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის გამოძიება“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
„ეს პარლამენტი არ შედგება. არავინ აპირებს ამ მანდატების რეალიზებას, პირდაპირ ვამბობ. სიებიც ჩაიხსნება, მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი ხელახალი არჩევნების საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარებაა. აქციები და პროტესტი აუცილებლად იქნება. ამის კონკრეტულ თარიღებს ყველანი ერთად გამოვაცხადებთ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება – ეს ბარიერგადალახული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მთავრობამ მოქალაქეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელით ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური უფლება – არჩევანის თავისუფლება წაართვა.
26 ოქტომბრამდე, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასთან“ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას გამორიცხავდა, თუმცა კენჭისყრის დღის შედეგებმა მოცემულობა მათთვისაც გარკვეულწილად შეცვალა.
„ჩვენთვის უპირველესი ამოცანა გახლავთ ხმების დაცვა. ნებისმიერ ძალისხმევას, მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკური ძალისხმევა, ბუნებრივია, მივესალმებით, ხელს არ შევუშლით. პირიქით, რითაც შეგვიძლია დახმარება, მტკიცებულებებით თუ სხვა ფორმით, ჩვენ ამ პროცესში ჩვენს წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გადაინაცვლებს ოპოზიციონერი ლიდერების შიდაკონსულტაციები პარტიული ოფისებიდან და ორბელიანების სასახლიდან კვლავ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ გამზირზე, თუმცა ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ ხალხმრავალი მშვიდობიანი დემონსტრაციები ქართველი ხალხის მისწრაფებების შესახებ მკაფიო გზავნილია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის.