მთავარისაქართველო„ქართული ოცნება” პასუხობს ბრალდებებს არჩევნების „ტოტალური გაყალბების” თაობაზე

„ქართული ოცნება” პასუხობს ბრალდებებს არჩევნების „ტოტალური გაყალბების” თაობაზე

„ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუება“, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო ნდობა გამოუცხადა. „რეფერენდუმის ტოლფასს“ არჩევნებზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და მშვიდობის დაცვისთვის ირაკლი კობახიძემ მადლობა ამომრჩევლებს, არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის კი, სამართალდამცავ ორგანოებსა და ცესკოს გადაუხადა.

მმართველი გუნდის მიერ „უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში“ ჩატარებულად შეფასებულ არჩევნებს არ აღიარებს არც პრეზიდენტი და არც ის ოთხი პოლიტიკური გაერთიანება, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ოპოზიცია ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. „ქართული ოცნებისთვის“ კი, საარჩევნო დარღვევები, რომლებზეც ოპონენტები და სამოქალაქო საზოგადოება მიუთითებენ, „კონსტიტუციური წყობილების შერყევის მცდელობაა“.

„კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც მეორდებოდა ყოველ არჩევნებზე. ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის NGO-ები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის. ვხედავთ, რეალურად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვს და ამ პრიორიტეტთაგან მთავარი ევროინტეგრაციაა. მანვე თქვა, რომ მმართველი გუნდი „ურთიერთობების გადატვირთვას“ ელოდება და მათი აზრით, ეს პროცესი მომავალი წლის დასაწყისიდან ინტენსიურად უნდა წარიმართოს. ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაურკვეველი ურთიერთობისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შეჩერებული პროცესის ფონზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს სრულ ინტეგრაციას მიაღწიოს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების „ვერ აღიარება“ ყველაზე სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.

„დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად, თუ რაც გნებავთ დაარქვით, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის გამჭვირვალობისა და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. რა შუაშია ერთი მეორესთან?“

პარტიაში ეხმაურებიან ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გადაწყვეტილებასაც ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებისგან თავის შეკავების თაობაზეც.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, და შევეცდებით ეს ინფორმაცია დავაზუსტოთ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი. მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. უკვე დღე-ნახევარია გასული და ე.წ. „სამართლიანი არჩევნები“ ვერ ახერხებს, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს შეესაბამება. ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად ამისა, ეს შედეგები ვერ იქნება გამოყენებული იმის გასაზომად, თუ რამდენად სწორად ჩაიარა საარჩევნო პროცესმა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე იმოქმედა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend