საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ჯერ კიდევ ელოდებიან მეტი ინფორმაციის მიღებას, რათა უფრო მკაფიო პოზიცია გამოხატონ. მისივე თქმით, ადგილობრივი დამკვირვებლები უკვე ღიად საუბრობენ საარჩევნო პროცესში მომხდარ ინციდენტებზე.
„არჩევნებში მიღებული შედეგები ეწინააღმდეგება ყველა ტენდენციასა და გამოკითხვას, რომლებიც ქვეყანაში მანამდე ტარდებოდა, განსაკუთრებით „რუსული კანონის“ შემდეგ. საპროტესტო აქციები აჩვენებდა მოსახლეობის სურვილს, შეენარჩუნებინა ქვეყნის ევროპული გზა. ისინი მხარს უჭერდნენ პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს. ასე რომ, ეს არჩევნები მოპარულია და ვთვლი, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლით დაადასტურებს ამას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე საუბრობს „ქართული ოცნების” სურვილზე, მიეღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. პრეზიდენტი თვლის, რომ სწორედ ეს სურვილი იყო მიზეზი იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ბევრი დარღვევა გამოვლინდა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდოდათ თავიანთი პროგრამის გასატარებლად, პირველ რიგში, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, შემდეგ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებისთვის”.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე და თქვა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა იმიტომ, რომ მათი ხმები მოიპარეს და ეს იქნება მშვიდობიანი დემონსტრაცია.
I urge our international partners to protect Georgia by standing with the people, not an illegitimate government.
Just as you opposed the Russian law, we ask you to stand with us again. These elections are illegitimate, and nothing can change that. pic.twitter.com/D7aeaTEjMM
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 27, 2024
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზეც ისაუბრა:„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. ისინი აგროვებენ მეტ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რათა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდონ კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებისკენ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვიყო ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც შეებრძოლება დიქტატურას”.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდაზე, რომელიც ომსა და მშვიდობას ერთმანეთს უპირისპირებდა: „არ არსებობს ქართველი, რომელსაც უნდა ომი. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში გამოვიარეთ რამდენიმე ომი, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ომის დაწყება, არის რუსეთი. ხოლო ამ საფრთხისგან თავდაცვა მხოლოდ ქვეყნის შიგნით სტაბილურობითა და დემოკრატიის შენარჩუნებით არის შესაძლებელი”.
პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ორბანს ევროკავშირის მანდატი არ აქვს და ის ქვეყანაში მხოლოდ „ქართული ოცნების” მეგობრის სტატუსით ჩამოდის.